მელია ოფისში ჩაკეტვას და ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს 20 ივნისს გააკეთა - სუბარი

პუბლიკა

საპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სპეციალურ ბრიფიგნზე ნიკა მელიას საქმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ნიკა მელია მართლმსაჯულებისთვის თავის არიდებას აპირებს.

„ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არგადახდის და მართლმსაჯულების სისტემის საბოტაჟთან დაკვაშირებით უამრავი არაადეკვატური და დესტრუქციული განცხადება მოვისმინეთ. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მესამე პირის მეშვეობით ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის შეტანისა და ამის „ქართული ოცნების“ გადაბრალების გეგმა ჩაუვარდა, მათ ახალი პროვოკაცია დაგეგმეს. ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება.

„ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომალობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და იქ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს.

ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით, რადიკალურ ოპოზიციას იმდენად უარგუმენტო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს, რომ დასახმარებლად კვლავაც გავრილოვისა და რუსეთის ფაქტორის გამოყენება სცადეს და როგორც ყოველთვის, მათ რუსეთიდან მიიღეს ეს დახმარება.

ისინი ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გამოწვევას, რაშიც, როგორც ყოველთვის მათ ეხმარება რუსეთი და ეს მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი აღიარებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მათი პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ნიკა მელიას საქმე:

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, უმრავლესობა მხარს დაუჭერს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.