მელია: ოპოზიციის ერთიანი სია თავშივე განწირულია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი სიის იდეა განწირულია.

მელია განმარტავს, რომ საჭიროა გამოიკვეთოს, რას გულისხმობს ოპოზიციის გაერთიანების იდეა.

„თუ ეს არ არის ერთ სუბიექტად გადაქცევა, ამას წინ არაფერი არ ედგა და არ დაუდგება. პირდაპირ გეუბნებით, ერთიანი სია არის თავშივე განწირული. უბრალოდ, წარმოუდგენელია, მით უფრო, თუ ჩვენ, ჯერ ერთიც, უნდა ვისაუბროთ, არჩევნები როგორ მოვიპოვოთ, მერე 2024 წელს, დავუშვათ, კალენდარით გაწერილი თუ არის არჩევნები, ეს არჩევნებიც მოსაპოვებელია, თავისუფალი არჩევნები მაქვს მხედველობაში. დავუშვათ, ის, რაც მოჩანს გვირაბის ბოლოს. არჩევნები თავისუფალ გარემოში ხომ გვინდა, ჩატარდეს?“, – ამბობს ის.

„TV პირველის“ ეთერში მელია საუბრობს, რომ ოპოზიციამ ჯერ უნდა შეძლოს, მოიპოვოს არჩევნები.

„გაერთიანების ქვეშ ჩვენ თუ ვგულისხმობთ ერთიან სიას, მხოლოდ რამდენიმე პარტიას შორის  ერთობას, ისიც უნდა ვიცოდეთ, რისთვის გვინდა ეს ერთობა. ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს? კი ბატონო, ესეც გასარკვევია. თუ ვითხოვთ უბრალოდ სამართლიან არჩევნების მოპოვებას და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მე ვფიქრობ, ყველამ უნდა ითანამშრომლოს ამ საკითხზე.

ენმ მზად არის კონსულტაციებისთვის. ოპოზიციაშიც არ არის თანხმობა ვადამდელზე, ეს დასანანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ენმ-ის დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ გიორგი ვაშაძეს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებიც შეახსენა, როცა „სტარტეგია აღმაშენებელმა“ ოპოზიციურ ერთობაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან არ სურდა ენმ-სთან ასოცირება.

ნიკა მელიას საპასუხოდ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ერთიან სიაზე საუბარი არ არის.

„ერთიან სიაზე არავინ საუბრობს, არ ვიცი რატომ არის ეს ინფორმაცია დამახინჯებული. საუბარი არ არის ერთ პარტიად გარდაქმნაზე – ყველა ინარჩუნებს თავის იდენტობას. საუბარია პროსუსულ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის ერთიან სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე, რესურსების მობილიზებაზე, ქმედების კოორდინაციაზე, პარტიის გაუქმებას არავინ აპირებს. იგულისხმება ბრძოლის საერთო ფორმატი და არავითარ შემთხვევაში ერთი სიის, ერთი კანდიდატის ან ერთიანი პოლიტიკური ორგანიზმის შექმნა არ იგეგმება. არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას“, – განაცხადა მან.


„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ოპოზიციური ერთობის აუცილებლობაზე და პრაიმერისის იდეაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ.

მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამარჯვებისთვის, საჭიროა პროდასავლური ფარტო ოპოზიციური პლატფორმის ჩამოყალიბება.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამარცხების ერთადერთი გზა არის დიდი ერთობა საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს უნდა აჩვენოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა, რისთვისაც სურთ პოლიტიკური, ადამიანური და საინფორმაციო რესურსების გაერთიანება, ერთიანი პარტიის ჩამოყალიბების გარეშე.

გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ ისინი ელოდებიან დიდი ოპოზიციური პარტიების, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციების ჩამოყალიბებას.

ოპოზიციური ერთობის შესაქმნელად არსებობს ორი გზა: კულუარულად შეთანხმება და გადაწყვეტილების ხალხისთვის გაცნობა და პრაიმერისი, რომელშიც ხალხი აირჩევს, ვინ უნდა იყოს ლიდერი.