მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს, ველოდებით მასთან შეხვედრას - ადვოკატი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ადვოკატის თქმით, ახლა გაარკვიეს მხოლოდ ეს ინფორმაცია და ელოდებიან უწყების პასუხს რომ შეხვდეს ნიკა მელიას.

„დაახლოებით 2 საათის განმავლობაში არ გვეძლეოდა საშუალება მასთან შეხვედრის, კომუნიკაციაზე არ გამოდიოდა არც ერთი სტრუქტურა. ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის წინ დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ ის გადმოყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. შევალთ, შევხვდებით ნიკას, გავივლით მასთან შემდგომი მოქმედების სტრატეგიას.

რამდენიმე წუთში იმედია მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ ნიკას. რაც  შეეხება ჩვენს ნაბიჯებს, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ ამ საქმის აბსურდულობის დასადასტურებლად. ყველა არსებულ სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენეთ, რომ ნიკა მელია რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს, “- ამბობს ადვოკატი.

გიორგი კონდახაშვილი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში 72 საათის განმავლობაში ელოდებიან საკითხის გადაწყვეტას.

„გასაჩივრებული გვაქვს პატიმრობის გადაწვეტილება, ვნახოთ როგორ განვითარებას ჰპოვებს პროცესი,“ – ამბობს გიორგი კონდახაშვილი.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.