მელია: სააკაშვილის ბედი დაკავშირებულია ქვეყნის მომავალთან, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის კადრებზე საუბრისას აცხადებს, რომ ენმ აპირებს ბრძოლას ბოლომდე, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ბედი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული.

გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას მელიამ ბევრჯერ ახსენა ბოლომდე ბრძოლა, თუმცა წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, კონკრეტულად რა მეთოდებით იბრძოლებენ ან როგორ აიძულებენ ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, მელიამ უპასუხა, რომ იქნება უკომპრომისო ბრძოლა.

გრიგოლიას რეპლიკაზე, რომ მას უნდა მიხვდეს, როგორი იქნება ეს ბრძოლა, მელია პასუხობს, რომ „არ არის აუცილებელი, ყველა ყველაფერს მიხვდეს“ და რომ ელოდებიან სასამართლო პროცესის დასრულებას და განაჩენს, ამ დღეებში კი აქტიური მობილიზაციის პროცესი დაიწყება.

„ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, სიცოცხლის რისკის ფასადაც სახელმწიფოს მომავლისთვის. უნდოდა მავანს, არ უნდოდა, რა დღეშიც მიხეილ სააკაშვილი ჩააგდეს, ეს რიტორიკული კითხვაა – უნდოდა თუ არ უნდოდა, მე ვფიქრობ რომ უნდოდა და რა თქმა უნდა, განზრახ ეს ნაბიჯები იდგმებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

დიახაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ბედი პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს უახლოეს მომავალთან…

არის ღია კონტექსტი, არის დახურული კონტექსტი, ბევრი რამ გაცხადებულია, ბევრი რამ არ ჩანს, მაგრამ მიზანი ჩანს ერთადერთი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ის რაც გუშინ იკადრა ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი თავისი სახელით უნდა იყოს სახელდებული. ეს იყო ემოციური, მორალური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ბევრი, ბევრი სხვადასხვა ტიპის ტერორი, წამება, არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სახელმწიფოს ბედის წამება იყო და ამ ბედთან თამაშობენ“, – განაცხადა მელიამ.

წამყვანის შეკითხვაზე, სააკაშვილის საკითხის ფონზე ხომ არ ფიქრობენ შიდაპარტიული არჩევნების დღის წესრიგიდან მოხსნაზე, რადგან ამის დრო ახლა არ არის, მელია აცხადებს, რომ ახლა არჩევნების ჩატარება „გაუგებარია და ყველას ესმის, ვინც ასე ფიქრობს“.

„დღეს არავის გვიმსჯელია ან გვისაუბრია არჩევნებზე. წარმოუდგენელია გუშინდელი დღის შემდეგ… რა იყო ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანის პოზიცია არჩევნებთან დაკავშირება, ეს ცნობილია. სიღრმეში შესვლა არ მინდა, მოვა ამის დრო. რაც ბევრს ვისაუბრებ, უფრო გამიჭირდება იმ ამოცანის შესრულება რაც დასახული მაქვს, რომ მოხდეს შედუღაბება თუ არა დაახლოება წერტილების […] კოლეგების ნაწილის აზრით ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო არჩევნები… წარმოიდგინეთ, რომ მე თქვენთან ეთერში ვიყო და დებატები მქონდეს კანდიდატებთან, მერე გენახათ თქვენ საგიჟეთი და არაადეკვატურობის ხარისხი.

ჩვენ ვემზადებით, ისტორიულ გამოწვევას ან ვუპასუხებთ, ან ვერა, მაგრამ ივანიშვილს ერთ რამ გარანტირებული აქვს, არავინ თავს არ დახრის სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების რისკის ფასადაც“, – განაცხადა მან.

წამყვანის შეკითხვაზე, დღეს ენმ უნდა იდგეს თუ არა ქუჩაში, მელია ამბობს, რომ ენმ-ს წევრების და მხარდამჭერების ბრძოლის სხვადასხვა ფორმას მიესალმება, თუმცა საჭიროა შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა.

„ამ დროს, ამ დღეებში ძალიან გვჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია ივანიშვილის რეჟიმზე. მე მესმის ყველასი, რომ პარტიის მხარდამჭერი გულშემატკივრობს შედეგს, რა თქმა უნდა, ეს წუხილი ყოველთვის იქნება, სანამ შედეგი არ დადგება, მაგრამ დგება ჟამი, დღეები, კვირები, სადაც საზოგადოებას მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება“, – თქვა მან.

რაც შეეხება წამყვანის შეკითხვას ეკა ხერხეულიძის განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს არსებობს ნიკა მელიას ფალსიფიცირებული ფარული ჩანაწერი, მელია პასუხობს: „იმდენად მდაბიო, ამორალური საქციელია, ამაზე საუბარიც არ მსურს. არაერთხელ გაუკეთებია ხელისუფლებას სხვადასხვა ადამიანის ხელით“.

„ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება ხელისუფლების “მეცადინეობის” გარეშე, რომელთათვის ნორმად არის ქცეული მოსმენა, მიყურადება, შანტაჟი, დამცირება და ამიტომ წყარო ეს ხდება, როცა ფარულ ჩანაწერებზეა საუბარი, აბა წყარო რა შეიძლება იყოს. ამის მიღმა, ვის ხელშია, ვინ დაატარებს, ვისი ტელეფონიდან ვისში ვარდება, რას აკეთებენ, რა მიზნებსა და ამოცანებს ემსახურება, ეს ყველაფერი მომავალში გაირკვევა. ამის დრო ახლა არ არის“, – განაცხადა მან.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ელოდებიან პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მითითებებს.

„მე რომ არ მომწონდა ნოემბერში, რომ საჭირო მოძრაობას ვერ ვხედავდი, ამიტომაც ვთქვით, რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები, თუმცა პოლიტსაბჭომ მიიღო სხვა გადაწყვეიტლება, 28-29 იანვრამდე პარტიას ჯერ კიდევ ჰყავს მოქმედი თავმჯდომარე. ამიტომ ჩვენ ვინმეს ხელს კი არ შევუშლით, მეტიც, დაველოდებით მისი მხრიდან კონკრეტულ დავალებას, გადაწყვეტილებას და მზად ვართ, ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განუცხადა ხაბეიშვილმა  „ფორმულას“.

დღეს ნაციონალური მოძრაობის სამმა წევრმა პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადა.

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეომასალა „ვივამედში“ სააკაშვილის პალატიდან, რომელშიც, მათი თქმით, ასახულია, როგორ ეურჩება ექსპრეზიდენტი ექიმებს და უარს აცხადებს მკურნალობაზე.

უხმო ვიდეომასალა 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და ასახავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე – 12 დეკემბერი.

უფლებადამცველების ნაწილის შეფასებით, გავრცელებული კადრები ემსაუხრებოდა მიხეილ სააკაშვილის პატივის და ღირსების შელახვას, რაც ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა და არა საზოგადოების მაღალ ინტერესს.