„ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე და ივანიშვილის რეჟიმი არ არის განსხვავებული ამ მხრივ“, – აცხადებს პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა მელია და ასე ეხმაურება მასზე გუშინდელ თავდასხმას.
„ტრაგედია ის არის, რომ ყველა ხელისუფლება ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. თუმცა წელს, 26 ოქტომბერს დასრულდება არა მხოლოდ „ქართული ოცნება”, დასრულდება ყველა ის პოლიტიკური მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც უარსებია ამ ქვეყანაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში”, – აღნიშნავს მელია.
პარტია „ახალის“ ლიდერს, ნიკა მელიას გუშინ სამტრედიაში თავს დაესხნენ.
მელია კოალიციის რეგიონული ოფისის გახსნისას მედიას კომენტარს აძლევდა, როდესაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მიიჭრა და თავში მუშტი დაარტყა.
ადგილზე ხმაური და დაპირისპირება ატყდა.
მელიაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო „ტვ პირველმა“ გაავრცელა.