მელია ტელევიზორით ისარგებლებს, თუ მას პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძენს - პენიტენციური სამსახური

პუბლიკა

ნიკა მელიას ტელევიზორით სარგებლობა გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ შეეძლება – ამის შესახებ განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურმა გაავრცელა.

მათი თქმით, მელიას ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში.

„ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას. ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი, ისევე როგორც ციხის გარეთ მყოფი სამოქალაქო პირის შემთხვევაში ხდება. სწორედ ამ პროცედურის გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ბრალდებულმა შეძლოს ტელევიზორის შეძენა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნიკა მელიას პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ მედიასთან გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მას საკანში არ აქვს ტელევიზორი.

მან იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ლოჯისტიკურ საკითხს დროულად მოაგვარებს.