მელია: ტექნიკურად წლის ბოლომდე პროცესების დასრულება შესაძლებელია

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართეს, თუმცა ამ დროისთვის ჯანმრთელობისა და ტექნიკური ხარვეზის მიზეზით, ის სხდომაზე მონაწილეობას აღარ იღებს. პროცესზე იკითხებიან ექსპერტები.

პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი. სასამართლოსთან იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც. პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მედიასთან განაცხადა, რომ თუ სასამართლო პროცესები განზრახ გაიწელება, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„როგორც უსამართლო გადაწყვეტილება იქნება საზიანო, ასევე საზიანო იქნება დროში გაწელვა ამ პროცესის, თუნდაც სწორი გადაწყვეტილება იქნას გამოტანილი. მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი. ტექნიკურად წლის ბოლომდე შესაძლებელია პროცესები დასრულდეს. გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის შეიძლება მოსამართლეს 2-3 დღე დასჭირდეს. პროცესების დასრულება თავისუფლად შესაძლებელია წლის ბოლომდე. მიჯრით სასამართლო პროცესების ჩანიშვნა შესაძლებელია.

დღეს კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავრწმუნდით… როდესაც მოწმეთა სიაში საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების ჩასმას ითხოვენ, რაც კიდევ გულისხმობს დროში გაწელვას. ეს მძიმე რეალობაა, რომელსაც კიდევ ერთხელ ამძიმებს ხელისუფლება. თუ დავრწმუნდით, რომ პროცესები განზრახ იწელება, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. დროში გაწელვა იწევს ადამიანის მოკვდინებას. თუ ხელისუფლება პროცესს დროში უსაშველოდ გაწელავს, ეს სასიკვდილო განაჩენად იქნება მიჩნეული“, – განაცხადა ნიკა მელიამ.