მელია: ვრჩები პარტიაში და ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიამ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა. მან ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საქმიანობას გააგრძელებს.

„ამ არჩევნებში ძნელია, ვინმეს ან გამარჯვებული უწოდო, ან დამარცხებული, გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი სახემწიფო. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ. სწორედ ამ ფაქტორებს ვგულისხმობს. რთულია სწორედ ამიტომ, ვინმეს ან გამარჯვებული, ან დამარცხებული უწოდო. ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ უახლოეს მომავალში. ქართული სახელმწიფო, საზოგადოება გაიმარჯვებს და მისი მომავალი იქნება ნათელი.

მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები ცნობილია. მას ჰყავს გამარჯვებული და მე მას ვულოცავ ამ შედეგს. ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ მას, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით და მინდა ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს.

მე ვრჩები ამ ბრძოლაში, რომელსაც 2013 წლიდან შემოვუერთდი, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით  მხარდამჭერთან ერთად.

მე ვრჩები პარტიაში, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, განსაკუთრებით მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმის. ამის შემდეგ, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, მივიღებ გადაწყვეტილებას რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ ცხოვრებაში. კიდევ უფრო მეტი ენერგიით ვიქნები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნები დასრულდა. ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი – 40%. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.