„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კახა კალაძის კონკურენტი კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია წინასაარჩევნოდ თვითმმართველობის საკითხებისთვის არაადეკვატურ დაპირებებს გასცემს.
მამუკა მდინარაძემ ამ საკითხზე მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა. კერძოდ, მდინარაძეს ჰკითხეს არჩევნების პირველი ტურის შეფასებებზე, რომელთა მიხედვით, კამპანიის დროს პარტიები თვითმმართველობის საკითხებზე ნაკლებად საუბრობდნენ.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საუბრობდა თვითმმართველობის საკითხებზე, განსხვავებით ოპოზიციისგან.
„ჩვენ ვსაუბრობდით თვითმმართველობის საკითხებზე, ოპოზიცია ლაპარაკობდა რეფერენდუმზე ზიზღით, სიძულვილის ენით და ა.შ.
ამ შემთხვევაში მეორე მხრიდან ვითომ თვითმმართველობაზე საუბრობენ. ნიკა მელიამ, მაგალითად, ისიც არ იცის, სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს და ეს საკითხები ჰგონია თვითმმართველობის გადასაწყვეტი და ისეთ საკითხებს ახმოვანებს, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია. იმხელა ტყუილია, ფეიქის იმ ხარისხის არის პენსიის გაზრდაზე საუბარი, სკოლებში კვებაზე, რომელიც მუშავდება უკვე და ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არ არის, თორემ კახა კალაძეს ვერავინ დაასწრებდა ამაზე საუბარს და ამის ინიცირებას. საზოგადოებაზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვთ, რომ ჰგონიათ დააჯერებენ“, – აცხადებს მდინარაძე.
რამდენიმე დღეა, დედაქალაქში გამოჩნდა ნიკა მელიას საარჩევნო ბანერები, სხვადასხვა დაპირებით, მათ შორის – საჯარო სკოლებში უფასო კვებისა და პენსიის მატების. როგორც „პუბლიკას“ ენმ-ში განუცხადეს, მელიას პროგრამის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.