მელიამ შსს-დან თანამშრომლების წასვლის თემაზე ბრიფინგი გამართა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების გადინებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ასეულობით პოლიციელი სამსახურს ტოვებს და საზღვარგარეთ მიდის.

„სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების გადინება რომ მასობრივია, ამას შსს-ს მიერ მხოლოდ აგვისტოში გამოცხადებული ვაკანსიაც ცხადყოფს -და მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 145 ვაკანსიის დასაკავებლად შსს-მ კონკურსი გამოაცხადა. ასეთი მასშტაბური ვაკანსია ამ პოლიციას არ ახსოვს!

უწყებაში სამსახურის დატოვების მოთხოვნით ასეულობით პატაკი დევს, რომელსაც არ უკმაყოფილებენ, მაგრამ ბევრი ისე გარბის, აღარც ეკითხებიან. გარბიან და მექსიკის გავლით ამერიკაში ჩასულები საუწყებლად რეკავენ, რომ წავიდნენ უწყებიდან. გარბიან იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება გასაჩერებელ ადგილს არ უტოვებს ამ ქვეყანაში პატრიოტ ადამიანებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციაში 145 ვაკანსიის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც მედიაში მასალები მომზადდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მასობრივად ტოვებენ, 20 აგვისტოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობაა.

„სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები, შესაბამისი კონკურსების ღიად და გამჭვირვალედ წარმართვა. რაც შეეხება მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს, იგი განპირობებულია ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადის გაზრდით, ასევე, რეგიონებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდით“, – განმარტა უწყებამ.