მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული - ჩერგოლეიშვილი

პუბლიკა

გამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელი და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ნიკა მელიას ჩანაწერი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, 2016 წლისაა და მეგობრული ჩათიდანაა გავრცელებული.

„სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება – ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში. ახლა როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული.

ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა (ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული იყო, უკვე კონფლიქტი გვქონდა მიშას დოზებზე ეთერში – ვერ ვაგებინებდით, რომ დამღუპველია).

მელია ბოლო მომენტამდე მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს ბანაკში იყო და ვოისებად ჩაგვიყარა ჩეთში მიშასთან ლაპარაკის შინაარსი (რაც მოისმინეთ). რომ გადახტა და მიშას მოღალატეები ხართო, კივილი დაიწყო – ვიცინოდით მერე ამ ვოისებზე“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

მისი ვარაუდით, ეს ჩანაწერი კეზერაშვილის, უგულავას და თარგამაძის გავრცელებულია.

„როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ სათამაშოდ, ადგნენ და პირადი ვოისები გამოუქვეყნეს. … მოკლედ, მარცხის დროს უნდა გაიცნო ადამიანები – მანდ ყველაზე კარგად ავლენენ თავებს“, – წერს ის.