„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ლიდერების და ირაკლი ნადირაძის განცხადების საპასუხოდ პარტიის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური შეხვედრები პარტიის შიგნით, რომლის მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მოსამზადებელი სასამართლო შუამდგომლობა იყო.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გადაიჭრებოდა, საუბარი იყო ენმ-ში ყველა დონის არჩევნების ჩატარებაზე, რაც იყო ნიკა მელიას ინიციატივა.
„ნიკა მელია ამ შეხვედრებზე საჯაროდ საუბრობდა, ასევე ტელევიზიებშიც ნათქვამი აქვს, რომ დიახ, არჩევნები აუცილებელია, ოღონდ გააჩნია პერიოდს და დროს.
ახლა არის კრიტიკული მომენტი, რაც ეხება სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის საკითხს… ამაზე იყო საუბარი და ამის მერე იყო მზაობა, პირველ რიგში თავმჯდომარის მხრიდან, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ის ფორმა ძალიან სამწუხაროა და დასანანია, ამ პერიოდში მოულოდნელად იქნა ბრიფინგი ჩატარებული.
რაც შეეხება არჩევნებს, ამის მზაობა არსებობს. ნიკა მელიას და ყველას ჩვენ გვინდა, არჩევნები ჩატარდეს, უბრალოდ ამ პერიოდში, ამ დროს, ბრიფინგის გაკეთება ცოტა უცნაურია და დასანანია“, – განაცხადა მინაშვილმა.
მინაშვილი ამტკიცებს, რომ პარტიაში არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია არავის აქვს და ამაზე ყველა თანახმაა. მისი თქმით, იმ ადამიანების ნაწილს, ვინც დღეს ბრიფინგი ჩაატარეს, არჩევნებთან დაკავშირებით ამ დრომდე ასეთი მკაფიო პოზიცია არ ჰქონდათ დაფიქსირებული.
„დღეს რატომ დააფიქსირეს, ასეთი ფორმით, ეს მათ უნდა ვკითხოთ; ამ პერიოდში, როცა უახლოეს დღეებში უნდა დაიდოს საბოლოო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მძიმეა, როგორც ადვოკატებისგან ვიცით და უნდა იყოს სხდომა, ახლა საარჩევნო კამპანიაზე ან არჩევნებზე საუბარი, ცოტა არ იყოს, უადგილოა, თუმცა არჩევნები არის აუცილებელი, არჩევნები არის მნიშვნელოვანი, არჩევნები უნდა ჩატარდეს პარტიაში და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ვადამდელი, შეიცვალოს ოლიგარქი და მივიღოთ სტატუსი.
დღეს პარტიის მთავარი დღის წესრიგი არის სააკაშვილის გაყვანა ქვეყნიდან, ეს დღის წესრიგი არ შეიცვლება“, – თქვა მან.
ენმ-ის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე ამბობს, რომ გუნდის ნაწილს ბრიფინგთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა.
ის არ ეთანხმება პარტიის შიდა საქმეების საჯაროდ გამოხატვის მსგავს ფორმას, მაშინ, როცა პარტიაში არჩევნებზე დისკუსია გახსნილი იყო.
წითლიძის თქმით, „პარტიაში უბედურება და ტრაგიკული პროცესი არ ხდება“და ამის შემდეგ პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ერთი ნაწილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.
ბრიფინგზე პარტიის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი და ქმედითი უნდა იყოს, რადგან სააკაშვილის გათავისუფლების და ივანიშვილის დამარცხების ინსტრუმენტი ძლიერი ოპოზიციაა.
ნადირაძე ამბობს, რომ ბრიფინგზე გვერდით უდგანან ენმ-ის რეგიონულ ხელმძღვანელები და ნათ მიაჩნიათ, რომ პარტიის გასაძლიერებლად საჭიროა შიდაპარტიული დემოკრატია და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე.