მელიას დაცვის მხარე მოსამართლის აცილების შუამდგომლობას აყენებს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლის აცილების შუამდგომლობას აყენებენ. ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას.

„ტექნიკური შესვენების დროს ჩემთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები. იმ ოფისთან, სადაც ამჟამად იმყოფება ნიკა მელია. ეს მიუთითებს ერთ რამეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს მის დაპატიმრებას. ბუნებრივია, იქამდე, ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

თავის მხრის, ის გარემოება, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი არის მობილიზებული, ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე უკვე მიღებულია და თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას და არ იღებთ ჩვენი და პროკურორების მოსმენის შედეგად. თქვენ უბრალოდ ახმოვანებთ ამ გადაწყვეტილებას, და ამ გადაწყვეტილების გახმოვანება ხდება სასამართლოს შენობაში, მანტიაში შემოსილი ადამიანის მიერ, მაგრამ ეს არ იქნება თქვენი გადაწყვეტილება”,  – განაცხადა საძაგლიშვილმა.

ბრალდების მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმება. პროკურორი აცხადებს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. 

„დაცვის მხარის პოზიცია არის დაუსაბუთებელი, ზედმეტად ჰიპოთეტური. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკრეტული პარტიის ოფისთან არავინ არ არის მობილიზებული. გადაჭრით არ შეიძლება იმის თქმა, რომ კონკრეტული პარტიის ოფისთან არიან პოლიციელები მობილიზებულები, იმიტომ, რომ ეს ასე არ არის, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით. დაცვის პოზიცია ყოველთვის გადის უპატივცემულობაზე ინსტიტუტებისა და კანონისადმი, ამის ნათელი დემონსტრაცია წარმოდგენილი პოზიცია ნამდვილად არის. ეს პოზიცია სრულად თანხვედრაშია უპატივცემულობისა და დარღვევის კონტექსტში ბრალდებულის ქმედებასთან.“, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.


თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს.