საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვას და „იქ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს“, ზაალ უდუმაშვილი გამოეხმაურა.
„TV პირველთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა განაცხადა, რომ სოზარ სუბარმა და „ქართული ოცნებამ“ რამდენიც უნდა ეცადონ, გავლენა მოახდინონ საზოგადოების აზრზე, ყველა ხედავს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელსაც სამართალთან კავშირი არ აქვს.
უდუმაშვილმა დასვა კითხვა – რატომ არ შეუშვეს მელიას ადვოკატები კომიტეტის სხდომაზე? – და ამ შეკითხვას თავადვე უპასუხა. მისი თქმით, პროკურატურას ადვოკატების არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ ექნებოდა.
„მთელი საზოგადოება დაინახავდა, როგორ გაშიშვლდებოდა მათ თვალწინ, ე.წ. გავრილოვის საქმე, რომელსაც ამდენი ხანია, ედავებიან მელიას, იმიტომ არ შეუშვეს ადვოკატები, რომ კითხვებზე პასუხი არ აქვთ, ეს საქმე ხომ მთლიანად შეკერილია. საქმით, რომელშიც მტკიცებულებები არ არსებობს, უპირებენ მელიას დაპატიმრებას.
ვერ დააპატიმრებთ! ეს გადაწყვეტილება ასე მარტივი მისაღები არ არის, როგორც ახლა კუნთების თამაში და დემონსტრირება აქვს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – თუ სამართალდამცავი ორგანო მელიას დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს, რას იზამს ენმ? – უდუმაშვილი პასუხობს:
„ნიკა მელიას დავიცავთ, დიახ, მათ შორის, ფიზიკურადაც დავიცავთ, ეს ერთი, მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს გადაწყვეტილება ასე ადვილი მისაღები არ არის და მეორე – როდესაც ვამბობთ, რომ ნიკა მელიას ფიზიკურად დავიცავთ, არ ეხება მხოლოდ ნიკა მელიას. ჩვენი ფიზიკურად დავიცავთ ყველა იმ პოლიტდევნილს, რომელსაც უსამართლოდ დაატარებს სასამართლოში ხელისუფლება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
საპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სპეციალურ ბრიფიგნზე ნიკა მელიას საქმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ნიკა მელია მართმსაჯულებისთვის თავის არიდებას აპირებს.