მელიას გათავისუფლებისთვის სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს - „ოცნების“ დეპუტატი

პუბლიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ლიდერი საკუთარი გადაწყვეტილებებით სხვა გზას არ ტოვებს გარდა საკუთარი დაპატიმრობისა. მისი თქმით, ეს საქართველოს იმიჯზე კარგად არ მოქმედებს. სამხარაძემ ასევე „რუსთავის 2-ის“ ეთერში ნიკა მელიას გათავისუფლების სამართლებრივ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„სამართლებრივი გზა [მელიას გასათავისუფლებლად] ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ეს არის ასევე ნაწილობრივ, ნიკა მელიას მიერ ბრალის აღიარება, რადგან მას საჯარო გამოსვლებშიც აქვს ნათქვამი, რომ ის იჭრებოდა პარლამენტში. ის ამას თუ აღიარებს სასამართლოშიც, მაშინ, მგონი, გამოსავალი იქნება ყველასთვის ძალიან კარგი. შესაბამისად, ეს ისევ და ისევ მის ხელშია, როგორც აქამდე იყო მის ხელში ეს ყველაფერი, ასევე ახლაც მის ხელშია, რომ ის განთავისუფლდეს საპატიმროდან იმიტომ, რომ მერწმუნეთ, არავის არ უნდა ნიკა მელიას დაჭერა, არცერთ უმრავლესობის დეპუტატს არ უნდა მისი დაჭერა და არც ამ მთავრობას უნდა მისი დაჭერა“, – განაცხადა სამხარაძემ.

დეპუტატს ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ დააკავეს მელია, თუ უმრავლესობას მისი დაკავება არ სურდა.

„იმიტომ, რომ კანონი სხვა გზას არ იძლევა, ერთი ეს იყო გირაოს გადახდა, მეორე – ეს არის ბრალის აღიარება“, – უპასუხა სამხარაძემ.