საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის მადლიერია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
„მისი ჩართულობა არ არის სისტემატური და ხშირი სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ამიტომ ეს ევროკავშირის ინტერესს ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ, ეს რა თქმა უნდა, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ყველა აქტორს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.
ჩვენი პარტიის სახელით, მინდა, დავადასტურო, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღევანდელ დღეს, ამ შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ეს მზაობა.
კრისტიან დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი.ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება ძალიან მალე და იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგისა და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტმატიმრების გათავისუფლებსა, პრემიერი პირდაპირ არ პასუხობს. ის ამბობს მხოლოდ, რომ დიალოგისთვის მზადაა ხელისუფლება.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ კი აცხადებს, რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოვიდეს საპატიმროდან.
„რაც შეეხება ბატონი მელიას პატიმრობას, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ პროკურატურამ გააკეთა ამის თაობაზე ძალიან ნათელი, მკაფიო განცხადება. ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს ნებისმიერ დროს გირაო, ან მის ოჯახის წევრს, თანაპარტიელებს, ან თანაგუნდელებს და გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღესაც“, – ამბობს ის.