„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
შეკითხვის საპასუხოდ, რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ობოლაძის კომენტარზე, რომლის თანახმად, მას დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო კარგი იქნებოდა, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიეღო, მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განსხვავებულ აზრს პატივს სცემს, მაგრამ ეს ნაბიჯი არარეალურია.
„ეს არანაირად არ შეესაბამება რეალობას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომელსაც ნამდვილად არ ავუხდენ არასდროს.
ამის იქით ვინ რა განაცხადა, განსხვავებული აზრი ერთია და ნორმალურია, უნდა იყოს. ამით ვამაყობ. განსხვავებული აზრი არსებობდა ჩემი თავმჯდომარედ არჩევის პირველივე წუთიდან. რაც შეეხება კითხვას, რეალობას არ შესაბამება, 0.001 პროცენტი არ არის ამის ალბათობის“, – თქვა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ დავით კეზერაშვილი გასული დღეების განმავლობაში სატელევიზიო ეთერში არაერთხელ გააკრიტიკა.