მელიას თქმით, დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აქცია საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე გაიმართება.

„მნიშვნელოვანია, შვიდ საათზე ჩვენ და კიდევ ძალიან ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე, პარლამენტთან. დიდი მადლობა ყველას“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა გუშინ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენა.

დილით კანცელარიიდან ფეხით იუსტიციის სამინისტროსთან მივიდნენ. ამ წუთებში აქცია იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს. ხატია დეკანოიძემ აქციაზე მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა გააჟღერა, თუმცა ამ წუთამდე უცნობია, შეხვდება თუ არა მინისტრი აქციაზე მისულ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის დაწესებულებიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.  სააკაშვილის თქმით, ის ინფორმირებული არ იყო გადაყვანის შესახებ და მოტყუებით გაიყვანეს რუსთავის დაწესებულებიდან. ომბუდსმენის თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე სააკაშვილის თანხმობის წერილი მე-12 დაწესებულებაში ვერ მოიძიეს.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებს. უარს ამბობს სამედიცინო ჩარევაზე და შეხვედრას ითხოვს პირად ექიმთან. შიმშილობას აგრძელებს ელენე ხოშტარიაც. ის პარლამენტის შენობაში მე-7 დღეა შიმშილობს.