მელიასთვის პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება სააპალაციოში გავასაჩივრეთ | ადვოკატი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება სააპალაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ეს ხდება გამოძიების ეტაპზე თუ არსებითი განხილვის მიმდინარეობისას გადაწყვეტილების გასაჩივრება უნდა შეიძლებოდეს.

„საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპია ორინსტანციური პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი საკითხი მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლომ უნდა განიხილოს და უნდა არსებობდეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. ეს პრინციპი კიდევ უფრო მკაფიოა ისეთ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომელიც ყველაზე მეტად ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, ეს არის პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება“, – აცხადებს საძაგლიშვილი

ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს საქართველოს კონსტიტუციას და თუკი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, მაშინ გამოიყენოს კონსტიტუცია, როგორც უზენაესი სამართლებრივი აქტი და შესაბამისად, განიხილოს საჩივარი.

„ხოლო თუ სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საჩივრის განხილვის შესაძლებლობას მას არ აძლევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მაშინ სააპელაციო სასამართლოს მოვთხოვეთ, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით. ამ შუამდგომლობის მეორე ნაწილი გულისხმობს სისხლის სამართლებრივი დევნის შეჩერებას და საქმის განხილვის შეჩერებას“ – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.


ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

ნიკა მელიას საქმე:

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო.