მელიქიშვილიდან ხეები გადაირგვება, პროცესი ხეების დაზიანების გარეშე ხორციელდება - ტოგონიძე

პუბლიკა

მედიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება მელიქიშვილის გამზირზე მდებარე დაზიანებული ხეების ამსახველ კადრები.

ამ საკითხზე „პუბლიკამ“ თბილისის მერიას მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ განცხადებას გაავრცელებდნენ. მოგვიანებით მერიამ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის კომენტარი გაავრცელა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ „მელიქიშვილის გამზირზე არსებული ხეები დიდი თარგების გამო გადაირგვება“.

მისივე თქმით, გადარგვის პროცესი ხეების დაზიანების გარეშე ხორციელდება.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების დაწყებამდე, პროექტირების ეტაპზე გადაწყდა აღნიშნულ მისამართზე არსებული ამაღლებული თარგების დადაბლება, პირველად ნიშნულამდე დაყვანა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ოთხი ძირი კატალპა გადაირგვება შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სანერგეში“, – განაცხადა პაატა ტოგონიძემ.

მერიის ცნობით, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, მწვანე ნარგავები შესაბამისი თარგის მიხედვით დაირგვება.


მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწყო და, სავარაუდოდ, ნოემბერში დასრულდება. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.