თბილისის მერია მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ივნისის პირველ ნახევარში დაიწყებს.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც იცით, ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის, რაც ბიუჯეტში ძალიან მსუყედაა ასახული. ბევრი თანხა იხარჯება ამ მიმართულებით. ჩვენ დავიწყეთ მსხვილი პროექტების განხორციელება – ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაწყებული და სამუშაოები მიმდინარეობს. ივნისის დასაწყისში გვინდა დავიწყოთ მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია-განახლება. ქუჩა არის უმძიმეს მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს უკვე გზის საფარსაც ეტყობა, კონკრეტულ მონაკვეთებში გზა ჩავარდნილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები; გარე განათების ახალი ქსელი, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
„სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება, რა დროსაც ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდება მომდევნო დღეების განმავლობაში. მესმის, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დაველოდოთ ერთი პროექტის განხორციელებას და შემდეგ დავიწყეთ მეორე. პირიქით, რაც შესაძლებლობები და რესურსები გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ ბევრი პროექტი, ერთხელ გავიჭირვოთ და შემდეგ უკვე მოწესრიგებული იყოს ყველაფერი,“- განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის პრესსამსახურმა დაგეგმილი რეაბილიტაციის რენდერის ფოტოც გაავრცელა.