თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე არსებული ფერადი პანო მოწესრიგდება და განახლდება.
კახა კალაძის განცხადებით, პანო, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსიდან ამონარიდია გამოსახული, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, პანოს აღდგენის პროცესში ჩართულობის მზადყოფნა ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმაც გამოთქვა.
„განსაკუთრებული გულისტკივილით მოგვმართა ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმაც და გამოთქვეს შეძლებისდაგვარად ჩართულობის მზადყოფნა, რომ მოხდეს ამ ყველაფრის მოწესრიგება.
მინდა, ყველა ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ზრუნავენ ჩვენს ქალაქზე და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი აქტიური ადამიანების ჩართულობა. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს.
ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პანო ან მოზაიკა და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ვნახოთ და უნდა აღვადგინოთ ყველაფერი, რადგან ეს იყო ჩვენი ქალაქის მშვენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.