იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ აშშ-მა უკრაინის მიმართაც ისეთი მონდომება უნდა გამოიჩინოს, როგორიც ირანის მიმართ გამოავლინა.
მელონიმ ეს ჰააგაში, NATO-ს სამიტზე თქვა.
ჯორჯია მელონი მიესალმა ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ირანს შორის.
მან ხაზი გაუსვა, რომ მდგრადი ვალდებულება საჭიროა უკრაინასთან მიმართებაშიც, რომელზეც ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ „მთელი უკრაინა მათია”.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ ისეთივე მონდომებაა საჭირო კიდევ 2 მნიშვნელოვანი ცეცხლის შესაწყვეტად: ერთი უკრაინაში, სადაც რუსეთს, როგორც ჩანს, არ სურს წინსვლისკენ რამე ნაბიჯის გადადგმა და მეორე ღაზაში”.
24 ივნისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.
ესკალაცია მოჰყვა ისრაელის მიერ 13 ივნისს განხორციელებულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც ირანმა საპასუხო სარაკეტო თავდასხმები განახორციელა თელ-ავივსა და სხვა ქალაქებზე, რასაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ჰააგაში სამიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდა. მათ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ილაპარაკეს.
შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპს გააცნო ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება. „პუტინი ნამდვილად ვერ იმარჯვებს“, – თქვა მან.
NATO-ს ჰააგის სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვისადმი და განაცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო შესაძლებლობებისადმი წვლილი ნატოს თავდაცვის ხარჯების ახალ მიზნად დაისახება.
ნატოს 32-ვე წევრი სახელმწიფო დათანხმდა ახალ საორიენტაციო ნიშნულს, რომლის თანახმადაც, 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე უნდა გაიზარდოს.
ჯორჯია მელონიმ ეს გადაწყვეტილება ერთიანობის ნიშნად შეაფასა.
„მე მჯერა, რომ ალიანსის ერთიანობა და მისი გაძლიერების სურვილი უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ცხადია, ეს მნიშვნელოვანი ელემენტია“, – თქვა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.