მელონის მიაჩნია, რომ უკრაინის შესახებ ევროპული კოალიციის შემდეგ შეკრებას აშშ-იც უნდა დაესწროს

პუბლიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პარიზში გამართული სამიტის შედეგების შეჯამებისას იმედი გამოთქვა, რომ აშშ მონაწილეობას მიიღებს უკრაინასთან დაკავშირებულ შემდეგ ევროპულ შეხვედრაში. ამასთან, გაიმეორა, რომ რომი არ გაგზავნის ჯარებს სამშვიდობო მისიებისთვის.

„მსურველთა კოალიციის” მორიგი შეხვედრა დღეს, 27 მარტს პარიზში გაიმართა. შეხვედრა, სხვა საკითხებთან ერთად, მიეძღვნა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში.

„პრემიერმა მელონიმ ხაზი გაუსვა შეერთებულ შტატებთან მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას კონფლიქტის დასასრულებლად და მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას მომავალ საკოორდინაციო შეხვედრაში“. – ნათქვამია იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, მელონიმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა მოითხოვს არა მხოლოდ უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას, არამედ უსაფრთხოების მტკიცე და საიმედო გარანტიებს, რომლებიც უნდა დაეფუძნოს „ევრო-ატლანტიკურ კონტექსტს“ და შეიძლება ნაწილობრივ შეესაბამებოდეს იმას, რაც გათვალისწინებულია ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლში (ნატოს ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა განიხილება მის ყველა წევრზე თავდასხმად).

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯორჯია მელონის ამ საკითხის „ტექნიკური შესწავლა” შესთავაზა, რასაც მელონი დათანხმდა.

შეხვედრის შემდეგ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის” წევრები შეთანხმდნენ, გააგრძელონ უკრაინისა და მისი არმიის მხარდაჭერა. მან ასევე დადო რუსეთსა და მისი „ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტზე” ზეწოლის მცდელობა.

რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი მოიცავს გემებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს ნავთობის გადაზიდვაში, ასევე ეხმარებიან რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, გადააქვთ იარაღი ან მოპარული უკრაინული მარცვლეული. მათი ნაწილი – 153 ტანკერს ევროკავშირმა სანქციები უკვე დაუწესა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ამჟამად მრავალი კითხვა არსებობს უკრაინაში დასავლური სამხედრო ძალების შესაძლო განლაგებასთან, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზასთან დაკავშირებით.

ამავდროულად, მისი თქმით, იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მზად არიან, უზრუნველყონ კიევის უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის გარეშე.

“ლიდერები ბევრ წინადადებას აყენებენ: ზოგი ეხება საჰაერო თავდაცვას, ზოგი – სახმელეთოს, ზოგი – ზღვაზე უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს თავისი კონტინგენტის გაგზავნით.. უფრო და უფრო მეტია ასეთი ქვეყანა. რაც შეეხება ამ კონტინგენტს, მის მოდალობას – რისი გაკეთება შეუძლია, როგორ შეიძლება გამოყენება, ვინ გასცემს ბრძანებას – ბევრი კითხვაა, პასუხი კი – ჯერ ცოტა”.

მან ასევე განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ძალების განლაგებას ეუთოს ხელმძღვანელობით, ვინაიდან ორგანიზაციას ამის მანდატი არ აქვს.

„ეს არ არის უსაფრთხოების გარანტიები, ეუთოს აქვს თავისი ფუნქცია, მაგრამ მათ არ აქვთ სამხედრო კონტიგენტის მანდატი და რუსებს მათი არ ეშინიათ”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმეტის განცხადებით, „მთელი ევროპის კონტიტენტი მობილიზებულია უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის”.

„ეს არის ევროპის მობილიზება სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად ისეთი მასშტაბით, როგორიც არ გვინახავს ათწლეულების განმავლობაში”. – თქვა მან.

სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ მშვიდობა დონალდ ტრამპსაც უნდა და გასული კვირების განმავლობაში გარუკეული პროგრესიც მიღწეულია.

„ყველას სურს გრძელვადიანი მშვიდობა. აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლისთვის. ეს უნდა მოხდეს უახლოესი დღეების და კვირების განმავლობაში, და არა თვეების”.

სტარმერმა  ხაზი გაუსვა, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ უკრაინა დათანხმდა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტას, რუსეთს კი ამაზე ჯერაც არ უპასუხია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები უახლოეს მომავალში ერთმანეთს უკრაინაში შეხვდებიან.