„მემკვიდრეობის პლატფორმა" ტრენინგების საქმეზე: პოლიტიკური ზეწოლისა და რეპრესიის მაგალითია

პუბლიკა

„მემკვიდრეობის პლატფორმა“ სუს-ის მხრიდან სასწავლო კურსზე დასწრების გამო ხელოვნების, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაბარებას პოლიტიკური ზეწოლისა და რეპრესიის მაგალითს უწოდებს.

„მემკვიდრეობის პლატფორმა“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „შეწყვიტოს ზეწოლა ხელოვანებზე“.

„მოგეხსენებათ, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის სასწავლო კურსის დასწრების გამო ფარული ჩანაწერის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა ხელოვანები, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ზემოთხსენებული ფაქტი წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურების მხრიდან, ხელოვანებსა და მოქალაქეებზე პოლიტიკური ზეწოლისა და რეპრესიის მაგალითს.

მემკვიდრეობის პლატფორმა გმობს საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ზეწოლა ხელოვანებზე“, – ნათქვამია მიმართვაში.

„მემკვიდრეობის პლატფორმა” აერთიანებს საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებული არიან კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვით. პლატფორმა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

მემკვიდრეობის პლატფორმის წევრები და შესაბამისად, განცხადების ხელმომწერები არიან:

  • ICOMOS საქართველო
  • საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia
  • საქართველოს ლურჯი ფარი Blue Shield Georgia
  • საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია • Georgian Craft Association
  • CDC სათემო განვითარების ცენტრი/Community Development Centre
  • ICOM Georgia – საქართველო
  • ლომეკი
  • მე ვარ ქალაქი
  • საზოგადოება ბათომი
  • მწვანე ალტერნატივა • Green Alternative
  • ქართული სახლი
  • მდგრადი კავკასია

2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 26-29 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი, სადაც მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

სუსმა გამოკითხა ორგანიზაცია CANVAS საქართველოს დირექტორი გიორგი მელაძე, თანადამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე და ორგანიზაციის სამი წევრი სერბეთიდან. სუსმა ასევე გამოკითხა USAID-ის საქართველოს ოფისის თანამშრომელი ანა წურწუმია-ზურაბაშვილი.

ასევე  ტრენინგების საქმეზე  დაბარებული იყვნენ ფოტოგრაფი ვახო ქარელი,  არტისტული კოლექტივის, „ბულიონის” წევრი ნატალია ვაწაძე და კულტურის პროფკავშირების დამფუძნებელი გიგა ბექაური.