მემორანდუმი საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ჩინური ენის განათლებაზე - ღარიბაშვილი პეკინში ჩავიდა

პუბლიკა

პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტი საზეიმო ღონისძიებაზე გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლდა.

„ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ცერემონია სიმბოლოა ჩვენი ერების მზადყოფნისა, მიიღონ ერთმანეთის მხატვრული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და პატივისცემას და ხაზი გაუსვან ლიტერატურისა და ხელოვნების ძალას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეისადმი.

ეს კავშირი უკვე დამყარდა და მოხარული ვარ, რომ ქართველთა შორის მზარდი ენთუზიაზმი არსებობს ჩინური კულტურისა და ენის მიმართ. სწორედ ეს მზარდი ინტერესი ქმნის ძლიერ საფუძველს ადამიანთა შორის მნიშვნელოვანი გაცვლის ხელშეწყობისთვის.

ამ კონტექსტში, მინდა ხაზი გავუსვა იმ სასიცოცხლო როლს, რომელსაც ასრულებენ კონფუცის ინსტიტუტები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებენ და აქტიურად უწყობენ ხელს ჩინური კულტურისა და ენის გავრცელებას საქართველოში. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ ინიციატივის მხარდაჭერა და განვითარება.

უმაღლეს სასწავლებლებში თანამშრომლობა დიდი ხანია ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, ძველი ენების შესწავლის მხარდაჭერა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში; აგრეთვე, პროფესიულ, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეწყობა და სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა, სხვა ინიციატივებს შორის.

ჩვენი ვიზიტის დროს, მოხარული ვართ ხელი მოვაწეროთ განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს – ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ. მჯერა, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს, გაღრმავდეს ურთიერთგაგება ჩვენს ერებს შორის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.