„პროცესმა აჩვენა, რომ წარმოდგენილი კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსი მოითხოვს“, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას განუცხადა.
„საზოგადოებას კარგად შეუძლია წარმოიდგინოს, როგორ გადაწყვეტილებას იღებს, როგორ კანდიდატებს არჩევს და როგორ მოსამართლეებს ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესით ვაჩვენეთ, რომ სასამართლო სისტემა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ასე იქნება მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემას კლანი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი აკონტროლებს“, – განაცხადა მენაბდემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, მოსამართლეთა ამ სიის ჩაგდებას ალტერნატივა არ აქვს, რადგან არ შეიძლება პარლამენტმა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთოს: „ყველა კანდიდატი, რომელიც სიაშია, შერჩეულია მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანის“ მიერ, რომელსაც სურს მთლიანად გააკონტროლოს ჩვენი სასამართლო. ამიტომ, ქართველი ხალხის ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს – ჩავაგდოთ ეს სია და ეს უნდა მოვთხოვოთ ჩვენს დეპუტატებს“.
კოალიცია „გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გუშინ იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ისედაც ნდობადაკარგულ სასამართლო სისტემას კიდევ მეტად არ დაუკარგავს საზოგადოების ნდობას.
„ჩემი დაკვირვებით, კანდიდატების ძალიან მცირე ნაწილია, რომელიც საკუთარი კომპეტენციით შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რაც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.