კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „TI საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნეს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს, ფაქტობრივად, უკრძალავს წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირებას.
„კანონმდებლობაში გვაქვს ასეთი ცნება: „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი“. პირი ასეთია, როცა:
- სურს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა;
- აცხადებს ამას საჯაროდ და
- ხელს უწყობს ამის სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.
განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობის ყველა წესი და შეზღუდვა რაც პარტიებზე. ამ ჩანაწერის მიზანი მარტივადაა გასაგები: კანონს სურს რეგულირების ქვეშ მოაქციოს ყველა, ვინც ცდილობს არჩევნების მეშვეობით ხელისუფლებაში მოსვლას. ანუ თუ პარტიად რეგისტრირებული არ ხარ, მაგრამ გაქვს ის მიზნები რაც აქვს პარტიას – ეს კანონი არ მოგცემს საშუალებას თავი აარიდო შეზღუდვებს და გამჭვირვალობის მოთხოვნებს.
ახლა როგორ განმარტა ეს ბიურომ (სასამართლოზე დაყრდნობით): მან თქვა, რომ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად ყოფნა, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, მხოლოდ ის კი არ არის, როცა საკუთარი თავის სასარგებლოდ ცდილობ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, არამედ ისიც როცა, რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ აკეთებ საჯარო განცხადებას. ეს განცხადებები პირს აქცევს პოლიტიკური პარტიის ექვივალენტ სუბიექტად და მასზე გაავრცელა ყველა ის წესი რაც პარტიაზე ვრცელდება.
ბიუროს მიერ ნორმის ასეთ ინტერპრეტაცია სამართლის განმარტების ყველა წესს ეწინააღმდეგება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც საჯარო იტყვის: „ხმა არ მისცეთ ქოცებს!“ ან „ხმა არ მისცეთ ნაცებს!“ იძენს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის, ანუ ფაქტობრივად არარეგისტრირებულ პარტიის სტატუსს.
ახლა ის ვთქვათ რა არის ეს შეზღუდვები (არასრული ჩამონათვალი) რაც ასეთ პირებზე ვრცელდება (იმ ნაწილში რა ნაწილშიც, რაშიც ისინი მოქმედებენ, როგორც განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები):
- საერთაშორისო შემოწირულების (როგორც ფულადი, ისე მომსახურება, ან მის ნაცვლად ხარჯის გაღება, არამატერიალური ფასეულობა, ფასდაკლება) მიღების აკრძალვა;
- ყველა შემოწირულების დადეკლარირება;
- 5000 ლარზე მეტის ღირებულების საჩუქრის გაცემა;
- კრედიტის აღების ლიმიტი;
- საქართველოს მოქალაქის ნებისმიერი რამით დაინტერესება, უფასო მომსახურება იქნება ეს, თუ რამის გადაცემა, დაპირებასაც კი.
ქართული ოცნება ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირის ვისაც საჭიროდ ჩათვლის. ის მოქალაქეებს ფაქტობრივად უკრძალავს წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირებას. ის აპატიმრებს ჩვენს სიტყვებს”, – განმარტავს მენაბდე.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.
შესაბამისად, ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.
ანტიკორუფციული ბიუროს დასაბუთების მიხედვით, ეს ორგანიზაციები აკეთებენ განცხადებებს და ატარებენ ღონისძიებებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ აირჩიონ „ქართული ოცნება”.
სააპელაციო სასამართლოს 17 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, „გამოკვეთილია მოძრაობის პოლიტიკური მიზანი, მოძრაობის წევრთა მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს მიღმა, ექცევა ზემოთ მითითებული კანონის რეგულირების სფეროში“.