კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფეისბუქის გვერდზე განმარტავს, რა მოხდება, თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და მანდატებზე უარს იტყვის.
ის ამბობს, რომ იგი ეხება არა პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არამედ, სამართლებრივ ნაწილს.
„კონსტიტუციის მიხედვით: პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას გადასცემს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში (რომელიც უბრალო უმრავლესობით მიიღება) არ შევა იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:
ა) გასაჩივრებულია სასამართლოში;
ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.
საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და მოამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც განიხილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
ეს ნორმები აჩვენებს, რომ უფლებამოსილების ცნობა არჩეული პირის სტატუსთან შეუთავსებლობას ეხება და არა მის სურვილს, საბოლოოდ დაიკავოს თუ არა დეპუტატის ადგილი.
ამდენად, თუ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და არა სამართლებრივი. პარლამენტი მაინც შეიკრიბება, თუნდაც 60 დეპუტატი გადადგეს“. – წერს მენაბდე.