მენსტრუალური პროდუქტები შოტლანდიაში სრულიად უფასო იქნება

პუბლიკა

შოტლანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ქვეყანაში მენსტრუალური პროდუქტების თავისუფალი და უნივერსალური ხელმისაწვდომობა დაუშვა. CNN-ის ინფორმაციით, ტამპონები და საფენები შოტლანდიაში სრულიად უფასო იქნება.

შოტლანდიის პარლამენტმა კანონს მხარი გუშინ, 24 ნოემბერს დაუჭირა. გადაწყვეტილება ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტამპონებითა და საფენებით უფასოდ მოამარაგოს ისეთი საჯარო სივრცეები, როგორებიცაა საზოგადოებრივი ცენტრები, თავშეყრის ადგილები, აფთიაქები, სკოლები თუ უნივერსიტეტები, რათა ისინი ხელმისაწვდომი იყოს ყველა მსურველისთვის.

„გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქალების, გოგოების ჯანმრთელობაზე. საზოგადოებრივ დონეზე უკვე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს და ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მათ კიდევ უფრო ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს“, — ამის შესახებ მონიკა ლენონმა განაცხადა, რომელიც კანონპროექტის ინიციატორი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერია.