უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილის ნათესავების მოხვედრის მიზეზად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასახელებს იმას, რომ საქართველოში ომის მეორე ფრონტი არ გაიხსნა.
„უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი არის დანილოვი, რომელიც მოგვიწოდებს ომისკენ, მეორე ფრონტისკენ, მეტი კომენტარი ამაზე არ მაქვს. დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, თან ცდილობს დაშანტაჟებას. რისთვის ცდილობს დაშანტაჟებას? მეორე ფრონტისთვის. ლოგიკა თქვენთვის მომინდია “, – განუცხადა მან TV პირველს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ივანიშვილიც მოხვდეს სიაში, კობახიძე პასუხობს: „მეორე ფრონტი საქართველოში არ იქნება, დანილოვი და ვერც სხვები ამას ვერ მიაღწევენ“.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებლის ნათესავები არ მოხვედრილიყვნენ სანქცირებულთა სიაში, კობახიძე ამბობს: „მეორე ფრონტი არ გავხსენით“.
შეკითხვაზე, სად ჩანს, რომ ამ მიზეზით მოხვდნენ ისინი სანქცირებულთა სიაში, კობახიძე ამბობს, რომ მეორე ფრონტის გახსნისკენ დანილოვი მოუწოდებს საქართველოს.
„არ სჭირდება [ივანიშვილს] დაცვა. მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის მხრიდან შანტაჟს უკავშირებს სანქცირებულთა სიას უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა.
„ეს არის უსაფუძვლო, ეს არის შანტაჟი, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ სამართლიანად უარი უთხრა უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე. უკრაინამ ეს კარგად უნდა გაიაზროს. ეს არ არის ის თამაში მის სახელმწიფო ინტერესებს ეკუთვნის. დანილოვები, პოდოლიაკები და ასეთი „პოდონოკები“ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ“, – აცხადებს ის.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებაში ახსნილი არ არის, რატომ დასანქცირდნენ ეს ადამიანები.
„არანაირი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არიან ისინი პრეზიდენტის ამ ბრძანებულებაში, არ ჩანს. ამიტომ, ვერ გეტყვით. უკრაინის მხრიდან ჩვენ ბევრი ბრალდება გაგვიგია, როგორც სახელმწიფოს, რომ სანქციებს გვერდს უვლის, ხან ეს, ხან ის. მაგრამ ფაქტი ვერც ერთხელ წარმოადგინეს, ახლაც არ მგონია, რომ რაიმე ფაქტი იყოს“, – განაცხადა მან.
უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ „ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ხალხი“ ჯერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდა, ამის ვერმიღწევის შემდეგ კი სხვა სტრატეგიას მიადგნენ.
„ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ის ხალხია, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. რადან ამ მოთხოვნებით მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა როგორც ჩანს, სხვა სტრატეგიას მიადგნენ. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი?- ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ასეთ აბსურდულ დასაბუთებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაზე, არ ვიცი, შეიძლება, ომში მყოფი სახელმწიფო აძლევდეს თავს უფლებას და ამას ბედავდეს, მაგრამ არ მგონია, ნორმალურმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა მან.
უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელებაა.
„თუდაც ის ფაქტი, რომ თავიდან უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციის სიაში სხვა ბიზნესმენებიც იყვნენ და დღეს მხოლოდ დარჩა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირები, ეს კიდევ ადასტურებს ამ სიის პოლიტიკურ და სპეკულაციურ ხასიათს. თუ რამე მტკიცებულება აქვთ ამ სანქციების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, გვანახონ. დანარჩენი ვფიქრობთ, რომ ეს არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო, პოლიტიკური სპეკულაციის მქონე ბრძანებულება“, – განაცხადა ადვოკატმა.
უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. სანქცირებულთა სიაში რუსეთის მოქალაქეები, რუსეთში მომუშავე ფიზიკური და იურიდიული პირები არიან. სანქცირებულთა შორის აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც.
სანქცირებულთა სიაში არის ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი და მისი ცოლი – ქეთევან ხარაიძე, ასევე ბძინა ივანიშვილის დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი და უჩა მამაცაშვილის შვილი – ტიტე მამაცაშვილი.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთში მომუშავე სხვა ქართველი ბიზნესმენებიც – დავით იაკობაშვილი, ასევე ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.