მეორედ ვხვდები თემირლანის დაბადების დღეს ამ სცენაზე - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პუბლიკა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა. აქცია არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების მოთხოვნით მიმდინარეობს. მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.

„მივესალმები პატიმრებს, ისინი უნდა გავამხნევოთ და დავახვედროთ ბოროტი სისტემისგან გათავისუფლებული საქართველო.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღეს მეორედ ვხვდები თემირლანის დაბადების დღეს ამავე სცენაზე, ამავე ტერიტორიაზე. ღმერთმა გამარჯვება მოგცეთ ყველას, ნათელი და თავისუფალ საქართველოში ცხოვრების უფლება.

რასაც ვებრძვი, იმის შედეგი არ ჩანს, იმედის ნაპერწკალი ყოველდღე ქრება ამ ხელისუფლების პირობებში. ჩემი ბრძოლის მიზეზი ესეც არის, რომ იქნებოდა პროპორციული არჩევნები. მეგონა, იქნებოდა ეს არჩევნები და ვიყავი დარწმუნებული, რომ უმრავლესობაში მოსვლის შანსი აღარ ექნებოდა ამ ხელისუფლებას. ჩვენ ვიბრძოლებთ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისთვის. ყველანი ერთად ერთის წინააღდეგ. ვაიძულებთ პროპორციული სისტემის შემოღებას. ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენ ვიძახით – კი! ესენი ყოველთვის იყენებდნენ სიტყვას ნაციონალები, აშინებდნენ ხალხს და იმას ვერ იაზრებენ, რომ ენმ-მა ააშენა ქვეყანა, დაუშვეს შეცდომები, მაგრამ ამათ აშენებულიც დაანგრიეს ამ ნაძირლებმა. ბავშვი მომიკლეს საწოლში მძინარე, შემდეგ ტერორისტად მონათლეს. ჩვენ ესენი გზას უნდა გავაყენოთ და ჩვენ ამას შევძლებთ, მე დარწმუნებული ვარ“.

2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით ღამის ოთხ საათზე, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ადგილობრივი ქისტის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სახლში სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მოკლეს. გამოძიების მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე მესამე ზამთარია პარლამენტის წინ პერმანენტულად მართავს აქციებს.