მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად მძიმე ფორმაა - ინფექციური საავადმყოფო

პუბლიკა

დღეს 11:00 საათის მდგომარეობით ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტია მოთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 11 მათგანს დღეს ჩაუტარდება ტესტი ახალ კორონავირუსზე.

21-ს ტესტირება ჩაუტარდა გუშინ, მათგან 20 პაციენტის შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო, ინფექცია დაუდგინდა მხოლოდ ერთ პაციენტს. ეზუგბაიას განცხადებით, მე-4 ინფიცირებულის მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე აქამდე დადასტურებული სამი პაციენტისა.

„ეს შემთხვევა არის მძიმე ფორმა, დაავადების მძიმე ფორმით არის გამოვლენილი. აქვს მაღალი ტემპერატურა. დაწყებული მკურნალობით მდგომარეობა დასტაბილურებულია. ამ მძიმე სიტუაციის შემდგომი პროგრესირება ჯერჯერობით არ გამოვლენილა, სიტუაცია სტაბილურია და ვფიქრობთ, რომ თუ არ მოხდება ამ დაავადების ამ მძიმე ფორმის კიდევ პროგრესირება, ალბათ, უნდა დაგვეწყოს გაუმჯობესება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ეს შემთხვევა მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც კვირას შემოვიდა საქართველოში.

„თითქოს სიმპტომების გარეშე იყო, მაგრამ შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და გუშინ დილით თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს, გვიან ღამით ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსი“, – ამბობს გამყრელიძე.