მერცი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, თავდაცვის ხარჯები გაზარდონ

პუბლიკა

გერმანიის ახალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ეს მერცის პირველი ვიზიტია სხვა ქვეყანაში კანცლერის რანგში.

შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა საერთო პრესკონფერენცია გამართეს.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რათა გამოასწორონ შესაძლებლობების ხარვეზები და უზრუნველყონ უკრაინის მუდმივი მხარდაჭერა.

„მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ეტაპობრივად შევამციროთ ჩვენი შესაძლებლობების ხარვეზები და ერთობლივად დავუჭიროთ მხარი უკრაინას“, – თქვა მერცმა.

მერცის განაცხადებით, მათ ახალ ფრანკო-გერმანულ შეთანხმებაზეც  ისაუბრეს.

„ჩვენ შევძლებთ ამ გამოწვევების დაძლევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი და გერმანია კიდევ უფრო მჭიდროდ დადგებიან ერთად. სწორედ ამიტომ, მე და ემანუელ მაკრონი შევთანხმდით ახალ ფრანკო-გერმანულ ნაბიჯებზე ევროპისთვის“, – თქვა მერცმა.

ემანუელ მაკრონის თქმით, გერმანია და საფრანგეთი შექმნიან „ერთობლივი თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება“.

მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი და გერმანია მჭიდრო კავშირში არიან უკრაინისადმი „ურყევი მხარდაჭერით”.

„არსებობს მხოლოდ ერთი კითხვა: არის თუ არა რუსეთი მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის, რომელიც გაგრძელდება, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში, რათა დადგეს მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა?“ — თქვა მაკრონმა.

მერცმა იმედი გამოთქვა, რომ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე შედგება. მისი თქმით, ასევე სურს, რომ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან ევროპაში ბირთვული შეკავების პოლიტიკა განიხილოს.