მერია: 24 მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის დრო შემცირდება

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, 24 მარშრუტს ის ავტობუსები დაემატება, რომლებიც 18-მეტრიანი ავტობუსების ჩამოყვანის შემდეგ გამოთავისუფლდნენ. მათივე ცნობით, შემცირდება ლოდინის ინტერვალიც.

პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გასტანს. პირველ ეტაპზე ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე.

„დედაქალაქში მოქმედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის 24 მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც აქამდე N301, N302, N308-სა და N3014-ზე მოძრაობდნენ.

პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გასტანს. პირველ ეტაპზე ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე.

N293 მარშრუტზე მოძრავი „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე; N387 მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი; N393 მარშრუტზე მოძრავი „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე.

გარდა ამისა, ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი, N319 მარშრუტზე – 7 წუთი, N321 მარშრუტზე -10 წუთი, N336 მარშრუტზე – 9 წუთი.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული ავტობუსები სწორედ იმ მარშრუტებზე გადანაწილდებიან, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვაა.

წლის ბოლომდე ქალაქში დამატებით 110 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, მანამდე არსებული რესურსი იმ მიმართულებებზე გადანაწილდეს, სადაც დღის განმავლობაში, დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება“, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.