მერია „აფრიკაში" სახლების დანგრევაზე: 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი მოხდა

პუბლიკა

თბილისის მერია გუშინ აფრიკის დასახლებაში სახლების ნგრევას დღეს განცხადებით გამოეხმაურა, მერია წერს, რომ სამგორის რაიონში მოახდინეს უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი.

„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა. ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი მოხდა.

გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სახელმწიფო მიწების უკანონოდ დაკავების შემთხვევებმა და მასზე უნებართვოდ სხვადასხვა ფუნქციის შენობების აშენებამ, რომელიც ხორციელდება ორგანიზებული ჯგუფების მიერ, კანონის სრული დარღვევით, ფინანსური სარგებლის მისაღებად.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც ჰპირდებიან მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას, რომ არ მიიღონ ფინანსური ზარალი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

აფრიკის დასახლებაში მერიამ მოსახლეობას სახლები გუშინ ღამით დაუნგრია. ამის შესახებ „პუბლიკას” ადგილობრივებმა მიაწოდეს ინფორმაცია. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მობილიზებული იყო დიდი ოდენობით ფიზიკური ძალა და სპეციალური ტექნიკა.

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ დედაქალაქს არ შეეხება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 22 ნოემბერს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

20 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე წარადგინეს ინიციატივა, რომ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ ექნებათ ვალდებულება, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა.

სხდომაზევე ითქვა, რომ ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.

მოგვიანებით რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ ეს ინიციატივა გავრცელდება მხოლოდ იმ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, რომელიც აშენებული იქნება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე.