მერია „გორელ ფოტოგრაფთა კლუბს“ ხელშეკრულებას უწყვეტს - ხელოვნების სახლის გუნდი დავას აპირებს

პუბლიკა

გორის მერია „გორელ ფოტოგრაფთა კლუბს“ პასუხობს და აცხადებს, რომ ხელოვნების სახლთან დაკავშირებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება მუნიციპალიტეტს ნებისმიერ დროს ჰქონდა.

კლუბმა განაცხადა, რომ მერიამ ხელშეკრულების შეწყვეტა ინსტალაციის – „საომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“ გახსნიდან 5 დღეში მოითხოვა.

მერია ამბობს, რომ ლომჭაბუკთან არსებული მუნიციპალური სივრცე უზუფრუქტით ჰქონდა გადაცემული ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბს და ახლა ამ სივრცეში მუნიციპალიტეტი გეგმავს ინოვაციების ცენტრის მოწყობას ახალგაზრდებისთვის. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიისა და ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ლომჭაბუკთან არსებული მუნიციპალური სივრცე უზუფრუქტით ჰქონდა გადაცემული ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბს.

კლუბს ხელშეკრულება შეუწყდა ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტის შესაბამისად, სადაც ცალსახად წერია, რომ მუნიციპალიტეტს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს ჰქონდა შეთანხმების შეწყვეტის უფლება. გორის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სივრცეში გეგმავს ინოვაციების ცენტრის მოწყობას ახალგაზრდებისთვის, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, 3D პრინტერით, ლაზერული ჭრისა და გრავირების აპარატით, ინტერაქტიური სმარტ დაფით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას. ცენტრში მოეწყობა საგანმანათლებლო აქტივობები, ჩატარდება ტრენინგ-სემინარები და ეს იქნება სივრცე სტარტაპების, იდეური გაერთიანებებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში დარღვეულია ხელშეკრულების ერთ – ერთი პირობაც, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის კიდევ ერთი მიზეზი გახდა – ა(ა)იპსს ხელშეკრულების მიხედვით უნდა განეხორციელებინა ელექტროენერგიის განმხოლოება (ცალკე აბონენტად აყვანა) და კომუნალური გადასახადების გადახდა, რაც არაა შესრულებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

„გორელ ფოტოგრაფთა კლუბი“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე მერიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სამართლებრივ დავას აპირებს

„ხელოვნების სახლი არის სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოდ და ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა. 2016 წელს “ხელოვნების სახლის” გუნდმა დაიწყო სივრცის დასუფთავება და კამპანია მისი რეაბილიტაციისთვის. ამ პროცესში ჩართული იყო ასობით ადგილობრივი მოხალისე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. გარდა ადამიანური რესურსისა გამოყენებული იყო ჩვენი საკუთარი და დონორი ორგანიზაციების ფინანსური რესურსები. ხელოვნების სახლმა ამ პერიოდის მანძილზე ასობით ღონისძიებას უმასპინძლა, რაც მოიცავს გამოფენებს, ფესტივალებს, საჯარო ლექციებს, ვორკშოპებს, კინოჩვენებებს, სასწავლო კურსებს და ა.შ. ვიმუშავეთ 500-ზე მეტ არტისტთან და ყოველწლიურად ვმუშაობთ 1000-ზე მეტ ახალგაზრდასთან, რამაც ქალაქი აქცია კულტურის მნიშვნელოვან კერად.
ჩვენთვის ცხადია, რომ ეს პროცესი წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით უნდა იყოს გარანტირებული!
ჩვენ არ ვეთანხმებით გორის მერიის გადაწყვეტილებას და ვაპირებთ სამართლებრივ დავას ხელოვნების სახლის გადასარჩენად! გავაგრძელებთ მუშაობას გორის ახალ იდენტობაზე, რომელიც გორს თანამედროვე ხელოვნების ქალაქად აქცევს!“, – ნათქვამია განცხადებაში