მერია გოთუას ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას იწყებს

პუბლიკა

„დედაქალაქის მერია საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი საავტომობილო გზა განკუთვნილი იქნება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის, არსებულ პანდუსზე კი გზა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები მხოლოდ სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

„საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელინ საავტომობილო პანდუსის მშენებლობას ვიწყებთ იმიტომ, რომ აღნიშნული გზა, რომელიც გოთუადან სანაპიროს მიმართულებით ჩადის, დიდ პრობლემას წარმოადგენს თვითონ იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც ამ გზას იყენებენ.

ასევე, პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვინც სანაპიროზე მოძრაობს და გარკვეული ავარიული სიტუაციები იქმნება. ამჟამად არსებული პანდუსი ვერ უზრუნველყოფს საავტომობილო უსაფრთხოებას გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს კიდევ ერთი პანდუსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, მოეწყობა ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის კედლები.