მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების ახალ პროგრამას იწყებს

პუბლიკა

თბილისის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის  მქონე სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ახალ პროგრამას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ახალი პროგრამის თანახმად, დაფინანსდებიან მრავალშვილიანი  ოჯახის  (ოთხი  და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც   განცხადების შემოტანის მომენტისთვის თბილისში რეგისტრაცია არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უფიქსირდებათ.

„მოგეხსენებათ, რომ  უკვე გვაქვს  პროგრამა  სოციალურად  დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშესაწყობად, რომლის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებულ   სოციალურად  დაუცველ   სტუდენტებს   ვუფინანსებთ სწავლის  საფასურს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი პროგრამა, რომლითაც ძალიან ბევრ სტუდენტს დავეხმარეთ. ჩვენ 2021 წელს გავაორმაგეთ ბიუჯეტი. საერთო ჯამში, დაახლოებით, 4 000-მდე სტუდენტი დაფინანსდა.

ამ პროგრამას ვამატებთ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას. თბილისის მერია იწყებს ახალ პროგრამას მრავალშვილიანი  ოჯახის  წევრი  სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით. რაც შეეხება ახალ პროგრამას, დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები,  რომელთაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თბილისში რეგისტრაცია უფიქსირდებათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სტუდენტების დაფინანსება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ გაიცემა.

„იქნება 100%-იანი, 70%-იანი დაფინანსება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ხელს შეუწყობს სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან და შშმ პირებს. უახლოეს მომავალში მივმართავთ თბილისის საკრებულოს, რომ სტუდენტთა დაფინანსების წესში შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები, რათა მაისში შევძლოთ განცხადებების მიღება“, – აღნიშნა  თბილისის მერმა.