მერია: მშენებლები, რომლებიც უკანონო მშენებლობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ

პუბლიკა

თბილისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ უკანონო მშენებლობების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მისი მისვლის შემდეგ მერიაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია და დარღვევებზე გაიზარდა ჯარიმები, თუმცა ამის მიუხედავად, კალაძის თქმით, მშენებლები უკანონო მშენებლობების დროს მიმართავენ „ხრიკებს“, რის მოსაგვარებლადაც პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.

„ თქვენ იცით, რომ სამიდან 12 ათას ლარამდე იყო ჯარიმები. სხვადასხვა კატეგორიის მშენებლობაზე სხვადასხვა ჯარიმა იყო. თუმცა მაინც ვაწყდებოდით პრობლემას უკანონო მშენებლობების ნაწილში, რადგან საუბარია დიდ თანხებზეა. მათ, როგორც ჩანს, უღირდათ ამ თანხების გადახდა და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელება. შემდეგ პარლამენტის დახმარებით შევცვალეთ კანონი და ეს სისხლის სამართლის დანაშაულში გავიყვანეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერია არცერთ დარღვევას უპასუხოდ არ ტოვებს, გამოიკვეთა პრობლემა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში მუნიციპალიტეტი აწყდება.

„მშენებლები, რომლებიც უკანონო მშენებლობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ და გვინდა, რომ ეს მოვაგვაროთ. კერძოდ, კონკრეტული კომპანიები, რომლებიც უკანონოდ ახორციელებენ მშენებლობას, არ იბარებენ მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულის შესაცვლელად კალაძემ საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს პარლამენტს მიმართა. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის განთავსება უნდა მოხდეს ობიექტზე და ის უნდა ჩაითვალოს ჩაბარებულად.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა ვეღარ შეაფერხებს პროცესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.