მერია ნაძვის ხის გადაკეთებისა და გირლიანდებისთვის 200 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს

პუბლიკა

თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში „ღამის შოუ სტუდიისთან“ 195 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულების საგანია „საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და აქსესუარების, საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმების თანმდევი მომსახურება“.

28 ოქტომბრით დათარიღებული ხელშეკრულება ითვალისწინებს არსებული ნაძვის ხის ტოტების (83 ცალი) გადაკეთებას ახალ ზომებზე, ახალი 139 ცალი ტოტის დამზადებას, 215 ცალი 70-ნათურიანი, 21 მეტრი სიგრძის გირლიანდის შეძენას, რკინის კონსტრუქციების მუქ მწვანე ფრად შეღებვას და ა.შ.

საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმებაზე გათვალისწინებულია 103 850 ლარი, გირლიანდებზე 70 950 (ერთეულის ფასი 330 ლარი), ხოლო 300 ცალი შესაბამისი „სტრინგი კაბელისთვის” 21 000 ლარი.

თბილისის მერია „პუბლიკის” შეკითხვაზე – რატომ მიიღო მერიამ ამ მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილება, პასუხობს, რომ ყველა ამ კითხვებს უახლოეს დღეებში გაეცემა პასუხი.


დედაქალაქში 2019-2020 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა 3 415 974 ლარს შეადგენდა. აღნიშნულ თანხაში შედიოდა მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ღირებულება – 304 848 ევრო (დაახლოებით მილიონ ლარამდე). გასულ წელს ჯამში საახალწლო ღონისძიებები, მორთულობა და სხვადასხვა ტიპის შესყიდვა დედაქალქს დაახლოებით 6 164 589 ლარი დაუჯდა.