თბილისის მერიის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ დადგმული სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქის მერიისთვის და მიიღო მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილება. ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებიდან აცნობეს.
„გუშინ წარმოდგენილი ატრაქციონის (სასრიალო ბატუტი) ვიზუალური მხარე არ იყო წინასწარ შეთანხმებული მერიასთან, განცხადებაში აღწერილი იყო მხოლოდ ფუნქციური შინაარსი.
სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქის მერიისთვის და მიიღო მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება გაცილებით ფუნქციური შინაარსისა და შესაბამისი ვიზუალის მქონე ატრაქციონი პატარებისთვის”, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერიას თხოვნით მიმართა არაერთმა მცირე მეწარმემ, საშობაო სოფლებში მათ საკუთრებაში მქონე ატრაქციონების განთავსების შესახებ. მერიაში შემოსული განცხადებების ნაწილი დაკმაყოფილდა და მცირე მეწარმეებმა ორბელიანისა და პირველი რესპუბლიკის მოედნებზე დაამონტაჟეს ატრაქციონები. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერიამ მიიღო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი სივრცის მოწყობის გადაწყვეტილება, მცირე მეწარმეთა დარჩენილ ნაწილს მიეცა პარლამენტის წინ ატრაქციონების დადგმის უფლება.
წუხელ მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვები და აქციების ატრიბუტიკა წაიღო, შემდეგ კი ტერიტორია მორეცხა. სატვირთო მანქანით ადგილზე საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს.
პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იყვნენ შეკრებილები. დაპირისპირება მოხდა პოლიციასთანაც. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 9 პირი.