მერია ვერის პარკის რეაბილიტაციას იწყებს

პუბლიკა

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, მივიღეთ გადაწყვეტილება ვერის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვერის პარკის თანამონაწილეობითი დაგეგმარება იქნება საუკეთესო პრეცედენტი სხვა მწვანე სივრცეების სწორი განვითარებისთვის, მოქალაქეთა ინტეგრაციისა და ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი პროექტია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვერის პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა, სრულ განახლებას საჭიროებს.

„არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, ძალიან მძიმეა. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭიროა წინასაპროექტო კვლევა, დეტალური დიზაინის პროექტი და შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი პირვანდელი სახე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოების ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს და ის ერთი წლის ვადაში დასრულდება.