მერია ზღვისუბნის პარკზე: მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება

პუბლიკა

გვერდმა „ჩემი ქალაქი მკლავს“ წუხელ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ თემქაზე ახალგახსნილ სკვერში საფეხმავლო ბილიკზე წყალი და ტალახია ჩასული.

თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.

„შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება“, – აცხადებს მერია.

ზღვისუბნის საქალაქო პარკი ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნა.

მერიის ცნობით, პარკი 25 ჰექტარზეა გაშენებული და იქ ჩატარებული სამუშაოების ღირებულება 39 280 534.68 ლარს შეადგენს.

„პარკი, შეიძლება ითქვას, დაჭაობებულ ნაგავსაყრელზე მოეწყო, რისთვისაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოები შეასრულა: პარკის მშენებლობამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელიც გეოდეზიურ კვლევასაც მოიცავდა; 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი შეიცვალა ბალასტით; მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი; ასევე მოეწყო ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები; ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც პარკის მიმდებარე სხვადასხვა მიკრორაიონებს ერთმანეთთან აკავშირებს. გარდა ამისა, ორ ნაწილად გაყოფილი ტერიტორია დაკავშირებულია საფეხმავლო გვირაბითაც“, – განაცხადა მერიამ.