თბილისის მერიამ თბილისელი წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
193 სპორტსმენის ჯილდოების ჯამური მოცულობა 883 000 ლარია.
თბილისის მერიის ცნობით, 193 სპორტსმენი ინდივიდუალურად დაჯილდოვდა შემდეგ სპორტულ სახეობებში: ფარიკაობა, ჭადრაკი, ჭიდაობა, რაგბი, ძალოსნობა, სამბო, კუდო, ათლეტიზმი, სპორტული ცეკვები, კანოე-კაიაკი, სროლა, კარატე, კონტაქტური კარატე, კალათბურთი, მკლავჭიდი/პარამკლავჭიდი, უშუ, ძიუდო, პანკრატიონი, მას-რესლინგი, ბატუტი, ხუთჭიდი, ჯიუ-ჯიცუ, პარაძიუდო, პარატაეკვანდო, პარაწოლჭიმი და უსინათლოთა სამჭიდი, ეტლით ფარიკაობა.
გარდა ამისა, დაჯილდოვდნენ ეროვნულ ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი ფეხბურთის გუნდი „კვარტალი“, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი ფრენბურთის გუნდი „თბილისი“, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ადგილის მფლობელი დარბაზის ჰოკეის გუნდი „ლურჯი ქორები“, ეროვნული ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი ხელბურთის გუნდი „მართვე“.
„არნახულია ის წარმატება, რომელიც ქართულ სპორტს აქვს ბოლო წლების განმავლობაში. ეს შემთხვევით არ მოდის, ცხადია. რომ არ ყოფილიყო მხარდაჭერა, თანადგომა ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნით, სხვადასხვა პროგრამების განხორციელებით, ვერ იქნებოდა წარმატებაც. მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ღონისძიებაზე.