თბილისის მერიის ცნობით, მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა და „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი, ასევე უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე.
შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა 4 300 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.
მერიის ცნობით, თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ამის შემდეგ „სითი პარკმა“ წამოიწყო სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში.
2018 წელს „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ „სითი პარკის“ მხრიდან დავის დაწყების შემთხვევაში თბილისის მერიას არაფრის გადახდა არ მოუწევდა.
„სითი პარკს“ რაც შეეხება, არასწორი ინტერპრეტაცია ხდება იმ ჯარიმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დედაქალაქის მერიას მოუწევს 25 მილიონის გადახდა. არავის არაფრის გადახდა არ მოუწევს“,- განაცხადა კახი კალაძემ 2018 წლის 30 მარტს.