მერიამ „ლაგუნა ვერესთან“ ფონდ „ქართუს“ ცათამბჯენების პროექტი დაახარვეზა – ინფორმაციას თბილისის მერია ადასტურებს.
მერიის ცნობით, კომპანია პროექტისა და დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით ახალ განაცხადს წარადგენს და ძველს მსვლელობა აღარ მიეცემა.
„ლაგუნა ვერეს მიმდებარე არეალის მოწესრიგების და განვითარებით მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებაზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ხშირად ხდება მერიის მხრიდან ხარვეზის დადგენა, შემსრულებლის მიერ მისი გამოსწორება და ხელახლა წარმოდგენა“, – აცხადებს მერია.
თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მოედანს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენება სურს. პროექტმა საზოგადოების აღშფოთების საგანიც გახდა.
მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის დამკვეთი კომპანიაა „კოსტავას 69″, რომლის დირექტორი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუ”. ამასთან, კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავია.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული,კომპლექსი მოიცავს: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს. უშუალოდ საპროექტო-სამოქმედო არეალი ამ შემოთავაზებაში, წარმოადგენს 33 530კვ.მ-ს.
სართულების მაქსიმალური რაოდენობა იქნება 65. ტერიტორიის ფარგლებშივე გეგმარდება განვითარებული მიწისქვეშა ავტოსადგომი კომპლექსში შემავალი კომერციული სივრცეების ვიზიტორთა და მაცხოვრებელების ავტომანქანისთვის (ავტოსადგომების რაოდენობა დაახლოებით 1000 ერთეული).