მასალა განახლებულია
მერიამ თბილისის ზღვის დასახლებაში რამდენიმე ნაგებობა დაანგრია.
ადგილზე იმყოფებოდნენ ამ ნაგებობების მფლობელები, მუნიციპალური ინსპექცია და საპატრულო პოლიცია.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ ზოგ ნაგებობაში ცხოვრობდნენ და მერიამ მათი დანგრევა ისე დაიწყო, რომ პირადი ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრეს. ეს კომენტარები მათ TV პირველთან გააკეთეს.
„მოვიდნენ, საერთოდ არც გვკითხეს, რომ წაიღეთ ან არ წაიღეთ, პირდაპირ გამოგვაგდეს სახლიდან და ტრაქტორები შეუშვეს“, – ამბობს ერთი მოქალაქე.
„მამაჩემმა დილით ადრე [მკითხა] რა ხდება, ლევანო და უცებ გავიხედე, მთელი ეკიპაჟი, გვერდით სახლს ანგრევდნენ და მერე მოვიდნენ ჩვენთანაც, „ჩუსტებიც“ არ მეცვა, ისე გამოვედი“, – ამბობს მეორე მოქალაქე.
„ადამიანები ცხოვრობდნენ. ამ დილით მოხდა ასეთი ინციდენტი, გამოყარეს სახლებიდან. პირადი ნივთებიც არ გამოატანინეს. არავის არაფერი არ უთხრეს, დილით მოვიდნენ, ორი ოჯახი ცხოვრობდა და მიადგნენ, დაუნგრიეს ყველაფერი. ვეკითხებით, რა ბრძანებაა, არავინ არაფერს არ გვიხსნის“, – ამბობს მესამე მოქალაქე.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი TV პირველთან ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე უკანონო ნაგებობები იყო და იქ არავინ ცხოვრობდა. მისივე ინფორმაციით, მერიამ ნაგობობების მფლობელები წინასწარ გააფრთხილა. პატრულის წარმომადგენელს მოქალაქე იქვე, ამ კომენტარის მიცემის დროს უსწორებს, რომ ამ შენობებში ადამიანები ცხოვრობდნენ და მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ დემონტაჟი უნდა დაწყებულიყო.
მერიის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, „ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა და აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.“
„აღნიშნულ ლოკაციაზე, რეკრეაციულ ზონაში, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე, სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა ათულობით უკანონო შემოღობვასაც“, – აცხადებს მერია.