მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან ხელშეკრულებები გაწყვიტა

პუბლიკა

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან – „მილენიუმ ბილდერს გრუპი” და „ერ ტე დე” ხელშეკრულებები გაწყვიტა.

მერიის განცხადებით, კონტრაქტორმა კომპანიებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ინსპექტირების აქტებით დადასტურდა სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, გრაფიკთან ჩამორჩენა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წერეთლის გამზირზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ამ ეტაპამდე შესრულებული სამუშაოები კი ზიანდება.

„დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე. ასევე, ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ“, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

თბილისის მერის მოადგილემ განმარტა, რატომ გაუწყვიტეს კონტრაქტები წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს. ირაკლი ბენდელიანის თქმით, დაფიქსირდა ვადების გადაცილება და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.

„გუშინ მოხდა საგზაო მიმართულებით განმახორციელებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების შეწყვეტა. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, ისეთი როგორიც არის ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე გარკვეულ ნაწილში იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევს კომპანიებს.

ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან, იცით, რომ ჩვენ მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის თვის ბოლოს, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად უნდა აღდგეს და საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ამიტომ დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებები, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, შეუფერხებლად გაგრძელდება სამუშაოები. ვადა არ გადაიწევს – იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი,”- განაცხადა მერის მოადგილემ.