მერიას ვანდალიზმის პრევენციისთვის ჯარიმების გამკაცრების ინიციატივა აქვს

პუბლიკა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ სივრცეებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მომზადდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, ვანდალიზმის ფაქტისთვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 500 ლარი იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია გვქონდა და მოვამზადეთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები:

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

აღნიშნული კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს კანონმდებელთა მხარდაჭერის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, დღეს მოქმედი რეგულაციით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება.

კალაძის განცხადებით, პარკებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ახალ ტრანსპორტში ინვენტარს ხშირ შემთხვევაში განზრახ აზიანებენ. მისივე თქმით, უმრავლეს შემთხვევაში ამას მოზარდები აკეთებენ.

„გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა და ინვენტარი ზიანდება და მას ჩვენი მოქალაქეები ვეღარ იყენებენ, მის აღსადგენად ან შესაცვლელად დამატებითი თანხების გამოყოფის საჭიროება ჩნდება, რაც შეიძლებოდა სხვა პროგრამებს მოხმარებოდა და ისევ ჩვენს თანამოქალაქეებს ესარგებლათ. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია პასუხისმგებლობის გამკაცრება, რათა ამ ვანდალური ფაქტების პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.